„კატეგორიულად ვემიჯნები მირანდა მირიანაშვილის ან სხვა მოქალაქეების ბულინგს და ფოკუსის მათზე გადატანას“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
„კატეგორიულად ვემიჯნები მირანდა მირიანაშვილის ან სხვა მოქალაქეების ბულინგს და ფოკუსის მათზე გადატანას. პრობლემა არის მთავრობა, უკანონობა, ოკუპაციის იგნორირება მთავრობის მხრიდან, პრივილეგიების მინიჭება, ტყუილი და არა ერთი მოქალაქის ჩვენთვის მცდარი პოზიცია. შეიძლება იმსჯელო ზოგადად კონფორმიზმზე, ურთიერთობებზე და ბევრ რამეზე, მაგრამ პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების“,-წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.
გაირკვა, რომ რუს სტუმარს საქართველოში უმასპინძლა რუსეთში მოღვაწე მომღერლის, მირანდა მირიანაშვილის ოჯახმა.
მირიანაშვილი პოზნერის თბილისში ჩამოსვლასა და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმარა.