„ქვეყანას ფაქტობრივად „ყვითელი ბარათი“ უჩვენეს. ეუბნებიან, რომ თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, თუ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა, თუ ქვეყანაში ბიზნესი არ იქნება თავისუფალი, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი სანქციები დაემუქროს“,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კონგრესის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელში, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობებია წარმოდგენილი.
როგორც რომან გოცირიძე ამბობს, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, პირველად გაჩნდა სანქციების საკითხი.
“ხელისუფლების ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ თითქოს ეს რომელიღაც ცალკეული დეპუტატის ინიციატივა იყო. ორპარტიულმა საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კონგრესის საბოლოო დოკუმენტში უკვე აღარ შეიცვლება. ეს არის ძირითადი საბაზო დოკუმენტი, რომელიც როგორც წესი, შემდეგ უცვლელად გადადის ბიუჯეტის შესახებ კანონში. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, პირველად გაჩნდა სანქციების საკითხი. საქართველოს დაუწესეს დროებითი ზომა, 20 მლნ დოლარი გაუყინეს, მაგრამ ფულში არ არის აქ საქმე.
უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც ამართლებენ, ნუ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილით შემოიფარგლება. როდესაც არაფორმალური მმართველობის ნაწილი ხარ, ეს შენც გეხება. ეს დეპუტატები ივლიან თბილისი – ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე. ვერ ეღირსებიან ვერც ვაშინგტონში და ვერც ევროპაში ჩასვლას,” – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა დოკუმენტი, სადაც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობებია წარმოდგენილი.
დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტის მიხედვით, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 მილიონ ზე მეტ დოლარს მიიღებს, დახმარების 15% კი შესაძლოა იქამდე შეჩერდეს, სანამ შტატების სახელმწიფო მდივანი კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხით.











