6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. უკვე ცნობილია იმ წესების ჩამონათვალი, რომლის დაცვა აბიტურიენტებს მოუწევთ, მათ შორისაა გამოცდაზე პირბადის გამოყენება.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ ეპიდემიოლოგებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პირბადის გამოყენება გამოცდაზე დისკომფორტს არ შექმნის.
„როდესაც კითხვას სვამენ, რომ გამოცდების პერიდოში, 3-4 საათი ახალგაზრდებს პირბადე თუ უკეთიათ, ეს ხომ არ მოქმედებს მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე – გადაჭარბებული შეფასებაა. მაშინ, ჩვენ, ექიმებმა რა ვქნათ?! მთელი დღე პირბადით ვმუშაობთ!“
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი ფიქრობს, რომ თუ ეროვნულ გამოცდებზე პირბადე სავალდებულოა, კონდენციონერის გამორთვა აუცილებელი არ არის.
„თუ ნიღაბია, კონდიციონერის გამორთვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. თუ უნიღბოდ უნდა იყოს, მაშინ უნდა გამოვრთოთ კონდიციონერი. პოტენციური რისკი იზრდება და უზრუნველვყოთ განიავების სხვა მეთოდები. ჩვენ არ გვაქვს იმ ტიპი კონდიციონერები, რომლებიც გარეთ გაიწობენ“, – ამბობს კულუმბეგოვი.
თუმცა, სავალდებულო იქნება თუ არა გამოცდებზე პირბადის ტარება, ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს საკითხზე, მოუწევთ თუ არა აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადის ტარება
„მთავრობა ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ აბიტურიენტებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ერთი მხრივ, დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მათ მიეცეთ საშუალება, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მთავრობა, ყველა უწყების ჩართულობით.
ეროვნულ გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება. სხვა წესებთან ერთად, აბიტურიენტებს პირბადის ტარება მოუწევთ. წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე.











