კახეთში პირველი საჩივარი დაიწერა. საჩივრის შედგენის მიზეზი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაობოში #11 უბნის თითქმის 30 წუთიანი დაგვიანებით გახსნა გახდა.
საჩივრის ავტორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თამარ ყარალაშვილია, რომლის განმარტებით, უბანი გასახსნელად მზად არ იყო და ამომრჩევლების ნაწილი უკან გატრიალდა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მზია ბუცხრიკიძის განმარტებით, კენჭისყრის შეფერხების მიზეზი, ერთ-ერთი კომისიის წევრის საარჩევნო უბანზე დაგვიანებით გამოცხადება გახდა და ამით, საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია.
საარჩევნო პროცესი დილით, 8 საათისათვის დაიწყო და საღამოს 20 საათამდე გაგრძელდება.
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერც ერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











