„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ისანში ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამის გამო ხალხი „ნაციონალური მოძრაობას“ დასჯის. ამის შესახებ მან „ინტერნეტპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგია ბოკერია ამბობს, „ევროპული საქართველო“ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
„მიმაჩნია, რომ ამისთვის ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას” დასჯის და კერძოდ იმ კანიდადატს, ვინც დააყენეს ისანში. ჩვენს მოქალაქეებს არ ეშლებათ იმ ვითარების შეფასება, ვინ იქცევა პოლიტიკურად უმწიფრად და უპასუხისმგებლოდ. მე რამდენადაც ვიცი, არავინ სხვა და პირველ რიგში, „ევროპული საქართველო” არ აპირებს, რომ ამ ცუდ მაგალითს მიბაძოს „ნაციონალური მოძრაობის” ამ რადიკალური ფრთის და დაარღვიოს სადმე სხვაგან შეთანხმება. ანუ ხატია დეკანოიძე გამონაკლისი იქნება ამ საერთო შეთანხმებაში, რომელსაც მივაღწიეთ და ამის ფასს გადაიხდიან სარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით ისანში. მე მგონია, რომ ამომრჩეველი მათ დასჯის, თუმცა ცუდია, რომ ეს შეიძლება მოხდეს იმის ხარჯზე, რომ პირველ ტურში საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვოს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.










