ბათუმის იუსტიციის სახლი ფუნქციონირებას დროებით წყვეტს, ამის მიზეზი, შენობისთვის სრული დეზინფექციის ჩატარებაა.
„8 სექტემბრიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია. მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, „ჯასთ კაფესა“ და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება.
შენობის სრული დეზინფექციის მიზანი „COVID-19“-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1684 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1315, ხოლო გარდაიცვალა 19 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში – 5882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 პაციენტი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 41-ს შეადგენს.











