სტუდენტს, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებს, სამხედრო სამსახური გადაუვადდება. გადაწყვეტილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის განმარტებით ბარათაში აღნიშნულია, რომ განათლების სისტემისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს პროფესიული განათლების მიღმა დარჩენილი ის კატეგორია (18-27 წლის), რომელიც საწყის ეტაპზევე უარს ამბობს პროფესიული განათლების მიღებაზე, ვინაიდან წინასწარ იცის, რომ სწავლის დასრულებას ვერ შეძლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გამო.
„აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ნაწილი ირჩევს სწორედ უმაღლესი განათლების გზას, ნაწილი კი საერთოდ უარს ამბობს სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე. ცალსახაა, რომ ის ვინც სკოლის შემდგომ განათლებაზე ამბობს უარს, უერთდება დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რაც თავის მხრივ დიდ პრობლემებს ქმნის ადგილობრივ შრომის ბაზარზე. შექმნილ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების ინიცირება,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.











