დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირების პროტოკოლებში გარკვეული ცვლილებები იგეგმება.
მისივე თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე კვლევები გაფართოვდება.
„იმ ადამიანების სია, ვინც დღეს მანდატორულ ტესტირებას ექვემდებარებოდნენ, გაფართოვდება. ამ ეტაპზე, ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება ამოღებული იქნეს და დაემატოს სხვა, განსაკუთრებით ჩემი კოლეგები. იცით, რომ სახელმწიფო არ მიდის დიდ ე.წ. შემზღუდავ ღონისძიებებზე, მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებია. ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით დღეს მეტი ტვირთი გადადის ჩემს კოლეგებზე და სამედიცინო სექტორზე, რომლებიც არიან კოვიდინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ. ჩვენ ვტესტავდით კოვიდკლინიკების თანამშრომლებს, ვტესტავდით რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს და ა.შ. უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა მთავრობის დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











