კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას ქალთა მე-5 პენიტენციალურ დაწესებულებაში ადვოკატები შეხვდნენ. ერთ-ერთი ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, იგი თავს მხნედ გრძნობს და იგივე პოზიცია აქვს, რაც გამოძიების დაწყებისას.
„იგი არის მხნედ, აქვს იგივე პოზიცია, რაც დღემდე ჰქონდა და საქმის დასრულებამდე ეს პოზიცია არ შეიცვლება. თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ. შევთანხმდით სამომავლო პოზიციებზე. კონკრეტული სიახლეების უნდა წარმოგვიდგინოს გამოძიებამ. ვფიქრობ, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების პირობებეში ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
დაგაინტერესებთ: ექსპერტის პირველი კომენტარი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე დასკვნა მოამზადა











