„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი 22-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, ხმა ერის გამთლიანებას და ზიზღის დასრულებას მისცა.
„პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას მივეცი ხმა. ხმა მივეცი იმას, რომ მოსახლეობის 50% აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში, ხელისუფლებას და სახელმწიფოს არ თვლიდეს არა თავისიანად. იმას მივეცი ხმა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა მოხდეს. განწყობები არის ისეთი, რომ წესით, ქუთაისში უნდა მოვიგოთ. პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასოდეს ყოფილა, მრავალპარტიული და განსხვავებული“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ავტორი: კესო მოლაშხია











