მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხმება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„მოლაპარაკებების მიმდინარეობა არის კონფიდენციალური, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ ჩვენი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მესამე რაუნდის ირგვლივ მოხდება კომპრომისული შეთანხება, ორივე მხარე გადადგამს ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რათა შეწყდეს ბოიკოტის რეჟიმი და გავაგრძელოთ პარლამენტში მუშაობა ქვეყნის წინაშე მდგარ აქტუალურ საკითხებზე.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე რაუნდი ახლო დღეებში გაიმართება, ვართ საკმაოდ იმედიანად განწყობილი. ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ორივე მხარემ დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები, გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები და მივიდეთ იმ საერთო გადაწყვეტილებამდე, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი მესამე რაუნდის წინ ულტიმატუმების ენით საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – განაცხადა ამილახვარმა.











