მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2020 წელს, 16 ახალი საწარმო შეიქმნა.
“პირველადი პროდუქციის მოსავლის ზრდის პარალელურად მზარდია შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებზე მოთხოვნა.
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის.
მიმდინარე წელს, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 6 გადამმუშავებელი და 10 შემნახველი საწარმო, ჯამური საინვესტიციო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.
2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით 56 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 28 მლნ ლარზე მეტია. შემნახველი საწარმოების მიმართულებით დაფინანსდა 43 პროექტი – ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 23 მლნ ლარზე მეტს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს შეეძლოთ საინვესტიციოდ ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტითაც”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.











