ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ახალ პარტიას ქმნის და მალე ექნება ყრილობა, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია “გირჩის” პოზიცია არ შეცვლილა და ზურაბ ჯაფარიძის წასვლამდე და დღესაც მათი სტრატეგიაა, არ აყვნენ იმ პოლიტიკურ სპექტაკლს, რაც ქვეყანაშია.
“გირჩის” პოზიციები არ შეცვლილა, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იყო მაშინაც და ახლაც იგივე პოზიციაა პარტიაში. ამ წუთას “გირჩის” სტრატეგია არის ის, რომ ჩვენ არ ავყვეთ არცერთ იმ სპექტაკლს, რომელსაც ჩვენ ვნახავთ. ზურაბ ჯაფარიძე წავიდა “გირჩიდან”, მე მასზე ვერ ვიტყვი რომ ის “გირჩი” არ არის, ამაზე მან თვითონ თქვა უარი.
ის ჩვენგან ისე წავიდა, რომ მე მისთვის არასოდეს ხმამაღლა არაფერი მითქვამს, სანამ თვითონ არ დააყენა ულტიმატუმი, მანამდე მე და ზურა მეგობრები ვიყავით, წავიდა და არ მელაპარაკება ადამიანი. მე მგონია, რომ მან შეცდომა დაუშვა, ახლაც შეცდომას უშვებს იმით, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ამბობს თანხმობას. შეიძლება არც ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, თუ შევალთ ოპოზიციასთან ერთად მოხდება ეს , ცალკე გიჟები კი არ ვართ ეს გავაკეთოთ. ახლა კი, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას წერს სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე, ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს ვინმეს, მისი პარტიიდან პარლამენტში შესვლა უნდოდა და თვითონ ამით უფრო მაგარი ოპოზიციონერი გამოჩნდა, რაც არასერიოზულია,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ზურა ჯაფარიძე პარლამენტში მივიდა.











