„ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შედეგის მისაღწევად ერთობლივი მუშაობაა საჭირო.
“ამისათვის საჭიროა ერთობლივი მუშაობა – მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით, ჩვენს პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით და კოორდინაციით უნდა შევქმნათ ამისთვის პირობები და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს”,- განაცხადა თალაკვაძემ.
ელჩების კონფერენცია 2020, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.











