„დღევანდელი საპროტესტო აქციიდან გიორგი გახარია ვერაფერს ვერ გაიგებს, თუ ბიძინა ივანიშვილმა არ უთხრა, რომ უნდა გაიგოს. ხელისუფლებამ დღეში 60 – ცენტიან დახმარებაზე დატოვა ჩვენი ხალხი. უღატაკესი ქვეყნის მონაცემია! ეკონომიკის სექტორები ნადგურდება, ამის მთავარი მიზეზია, რომ შეზღუდვები არასისტემურად შემოდის ქვეყანაში და სხვადასხვა სექტორი ადაპტირებას ვერ ასწრებს”,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„ახლა იმით აპელირებენ, რომ ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდებიან. არავის სიკვდილი და საავადმყოფოებში ყოფნა არ სურს, მაგრამ შიმშილი და გაჭირვებაც კლავს! რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის და აქციებზე ყველა ვერ მოახერხებს მოსვლას, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა გააპროტესტოს ეს შეზღუდვები საკუთარ სახლებთან, საკუთარ უბნებში! ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ხალხი ამ ყველაფერს არ მოითმენს, თორემ აგერ უკვე 8 წელია თავზე ნაგავსაც გვაყრიან, ნაცარსაც გვაყრიან თვალებში, ბიულეტენებსაც გვპარავენ და ოქმებსაც გვახევენ თავზე. თავზე ნაგვის დაყრა შეიძლება არ იყოს პროტესტის ყველაზე ცივილური ფორმა, მაგრამ ყველა თავისუფალია ისე გააპროტესტოს როგორც მოესურვება და ამაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. ნაგავში რომ ეძებს ათასობით ადამიანი საკვებს, ამდენი იმაზე ილაპარაკოს და იზრუნოს მთავრობამ სჯობია! ჩაეტარებინათ ნორმალური არჩევნები და არც პროტესტი იქნებოდა, არც აქციები და არც ამდენი უსიამოვნება”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.











