ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული, – აცხადებს საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.
„მასწავლებლები გაივლიან რეგულარულად ტესტირებას. ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო. გვაქვს მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, შვიდი დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი, ანუ, თუ 1-ელ მარტამდე ინფიცირების 7 დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რომ 4%-ზე თუ ჩამოვა 7 დღიანი მაჩვენებელი, საშუალება გვექნება რომ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გავაგრძელოთ“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.










