ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამი წლის წინ ბათუმში საცხოვრებელი ბინები გადასცა, თუმცა პირობა დაარღვიეს და დაუსრულებელი საცხოვრებელი ფართები გადასცეს.
„220 ოჯახს დაუსრულებელი ბინები გადმოგვცეს, პირობა არ შეასრულეს. წაბლანას მოსახლეობა ვაპროტესტებთ ამას.
1989 წლის 19 აპრილს სოფელში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ოჯახის წევრები დავკარგეთ. დაზარალებულ ოჯახებს კი სახელმწიფომ სამი წლის წინ დაუსრულებელი ბინები გადმოგვცა, თუმცა გვპირდებოდნენ, რომ „თეთრ კარკასს” ჩაგვაბარებდნენ. ჩვენ არ გვაქვს რემონტისა და მოწესრიგების საშუალება.
სამწუხაროდ, მშენებლობა შეჩერებულია და არავინ აპირებს პირობის შესრულებას.
ვითხოვთ, რომ ბინების რემონტის თანხა აგვინაზღაურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს გავმართავთ და ჩვენი პროტესტი პრობლემის მოგვარებამდე არ შეწყდება.
პასუხს ვითხოვთ ამდენი ხანია, არაერთი აქცია გავმართეთ და არავინ გვაქცევს ყურადღებას.
ერთ კვირას ვაძლევთ დროს ხელისუფლებას, მოგვაქციონ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავკეტავთ გზას და არ დავიშლებით”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მოსახლეობამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











