გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროს შემდეგი 4 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი პრიორიტეტები გულისხმობს ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ეკოსისტემების შენარჩუნების პირობებში, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის საკითხებს. ასევე, სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობას, ვეტერინარიასა და მცენარეთა დაცვას. განხორციელდება ფერმერების ცოდნისა და ინფორმირების ამაღლების ღონისძიებები. უნდა შევადგინოთ მიწის ბალანსი, რაც ჩვენი პირობა და პროგრამის ნაწილია. ამასთან, გავაგრძელებთ მრავალწლიანი კულტურების მოსაშენებლად, თანაინვესტირებას, თანადაფინანსებასა და ხელშეწყობას. გვექნება პროგრამები ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, ასევე, ქალი ფერმერებისთვის, გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამის დახვეწა. ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, გავაგრძელებთ არსებულ პროგრამებს. რა თქმა უნდა, ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ელემენტში გვექნება საგრანტო თანადაფინანსებებიც – ისეთები, როგორიცაა შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, განვითარება და ამ მიმართულებით, ინვესტირება. ასევე, არასეზონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გაგრძელდება სათბურების თანადაფინანსება. პრიორიტეტია საჯარო ინფრასტრუქტურა, ამ მიმართულებითაც გვექნება დაფინანსება“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.











