ზამთრის კურორტებზე მდებარე ზოგიერთმა სასტუმრომ, შეიძლება, ვერ მოასწრო ამ მომენტისთვის მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიხსნან, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი და ამით ზამთრის კურორტების გახსნის საკითხს ეხმაურება.
„თუნდაც ბაკურიანში, თუნდაც გუდაურში, მესტიაში – სეზონი გრძელდება. თქვენ ხედავთ, რომ კლიმატური პირობები უწყობს ხელს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში. პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან, რომ არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება“, – განმარტა თურნავამ.
ცნობისთვის, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან ანუ დღეიდან შეძლებენ საქმიანობის განახლებას, თუმცა შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ვრცელდება საბაგიროებზე. საბაგიროების მუშაობა 8 მარტიდან არის დაშვებული.
ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა პირდაპირ ბიზნესი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. შესაბამისად, გახსნას დროულად ვერ შეძლებენ, რადგან ამისთვის გარკვეული დროა საჭირო.











