იტალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ჭარბი წონის მქონე ადამიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლებ ეფექტური იყოს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
იტალიელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბი წონის მქონე სამედიცინო პერსონალს, ჯანსაღი წონის მქონე ადამიანებთან შედარებით, ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა უფიქსირდებოდათ.
კვლევაში მონაწილებას 248 სამედიცინო მუშაკი იღებდა.
თუმცა, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რამდენად აისახება ეს ვაქცინის ეფექტურობაზე. კვლევის შედეგი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ვაქცინის დამატებითი დოზა სჭირდებათ, რათა კოვიდისგან სათანადოდ იყვნენ დაცულები.
წინა კვლევების მიხედვით, ჭარბი წონა კორონავირუსისგან გარდაცვალების რისკს დაახლოებთ 50%-მდე ზრდის. ამის მიზეზი,შესაძლოა, იყოს ის რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებათ. ისეთი როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება. ამას ემატება ისიც, რომ ჭარბ წონას მეტაბოლიზმის პროცესში ცვლილებები შეაქვს, რაც ორგანიზმის უნარს – ებრძოლოს ვირუსებს, საგრძნობლად აქვეითებს.
„თუ კვლევის შედეგები დადასტურდება, ჭარბწონიან ადამიანებს, შესაძლოა, ვაქცინის დამატებითი დოზის მიცემა დასჭირდეთ“,- აღნიშნავს პროფესორი ალდო ვენუტი.











