„პიკი კი არა, ჩვენ მივდივართ პირდაპირ კოსმოსში. ყველა კალკულაცია დაირღვა“, – ამის შესახებ სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, თუ ასე გაგრძელდა, 10 დღის შემდეგ კოლაფსი მოხდება.
„საქართველოში ვინც არიან ექსპერტები, ამბობდნენ, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა ყოფილიყო პიკი და მერე უნდა ჩამოსულიყო ტალღა. პიკი კი არა, ჩვენ მივდივართ პირდაპირ კოსმოსში. ყველა კალკულაცია დაირღვა.
კალკულაცია ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქეები ასრულებენ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობამ როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ რათ გვინდა ეს პირბადეები, ბევრს კიდევ სჯერა, რომ კორონა არ არსებობს.
ახლა გავრცელება ისეთია, რომ დღეში უკვე 10 ათასი ადამიანი ინფიცირდება. ეს არის ძალიან დიდი ციფრი და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ფიზიკურად გაწელილია. 10 დღის შემდეგ მოხდება ჩვეულებრივი კოლაფსი“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.











