მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.
მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. იუდეველთა წესის მიხედვით, შობიდან მე-40 დღეს ჩვილი ტაძარში მიჰყავდათ და მის სახელზე მსხვერპლს სწირავდნენ.
სახარების მიხედვით, ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სვიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება, მაცხოვარი ხელში აიყვანა, ანუ მიირქვა და მისი წამება და ღვთისმშობლის ტანჯვა იწინასწარმეტყველა.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს და კარგი იქნება მისი აღნიშვნისას ძველი ელემენტების შემოტანა.