“2008 წლის 8 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომმა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა და ჩვენი გმირი მეომრების სიცოცხლე ნაადრევად შეწყვიტა”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ უფრო გაღრმავდა და გაიზარდა საკუთარ ქვეყანაში დევნილი მოსახლეობის რიცხვი. ეს ყველაფერი დღემდე ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, რომელიც მავთულხლართებით არის გაყოფილი. კიდევ ერთხელ ქედი მინდა მოვიხარო იმ მეომრების წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მშვიდობისა და ღირსების დასაცავად და გავიზიარო იმ ოჯახების მწუხარება, რომელთათვისაც 8 აგვისტო საფლავზე გასვლის დღედ იქცა.
ომს ყოველთვის მძიმე შედეგები მოაქვს. ამ პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი გზა უალტერნატივოა და მხოლოდ გონიერებით არის შესაძლებელი გავაერთიანოთ საკუთარი ქვეყანაც და საზოგადოებაც. შეცდომის დაშვება კი აღარ შეიძლება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.










