2020 წელს „112“-ის ოპერატორებმა 4 მილიონამდე ზარს უპასუხეს, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის შსს-ს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 112-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.
„მოქალაქეების მხრიდან ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად არხს ,,112“ წარმოადგენს. მაგალითისთვის, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „112“-ის ოპერატორებმა 2 მილიონამდე ზარს უპასუხეს, ხოლო 2020 წლის იგივე პერიოდში, ზარების რაოდენობა 4 მილიონამდე არის გაზრდილი. მიზნობრივ ზარებთან ერთად, სამწუხაროდ იმატა არამიზნობრივმა ზარებმაც, ვინაიდან კოვიდთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ყველა 112-ზე რეკავდა, შესაბამისად, იზრდებოდა მომლოდინე ზარების რაოდენობაც და ხანგრძლივობაც. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით და დავამატეთ შესაბამისი რესურსი. 112-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით მოეწყო დამატებით 3 ლოკაციაზე. ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სულ ახლახან კვლავ დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმციროთ ლოდინის დრო,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.











