ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია.
მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 26 პაციენტი მკურნალობს.
„4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი, მათგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, ხოლო მე-4 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება და ალბათ, მოკვლეული იქნება, თბილისში დადასტურდა ეს შემთხვევა.
ჩვენს ცენტრში ამჟამად გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. მათი მდგომარება საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არ არის მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, გარდაცვლილი კი 15.











