„მე არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100/100-ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი“,- ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია დმანისში მომხდარ დაპირისპირებას.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, დმანისში ჩხუბი ისეთი პრობლების გამო დაიწყო, რომელიც დღემდე არ ვიცით რასთან არის დაკავშირებული.
მისივე თქმით, რადგან მსხვერპლი არ არის, მას პოლიციის საქმიანობის უარყოფითად შეფასება უჭირს.
„პრობლემაა, რომ ჩვენ აქამდე არ გავერკვიეთ დმანისში სინამდვილეში რა ხდებოდა. მთელი გუშინდელი ნარატივიც იყო ის, რომ ვიღაც ხალხმა ლუდის გამო მაღაზიაში იჩხუბა. მე არ მჯერა, რომ ადამიანებმა 100-100 -ზე იჩხუბეს იმის გამო, რომ ვიღაცას ნისიად არ მისცეს ლუდი. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად სხვა პრობლემა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩვენ აქამდე კარგად არ ვიცნობდით და არც ახლა ვიცნობთ კარგად. ვფიქრობ, რომ პრობლემა სხვანაირად არის მოსაგვარებელი. ეს პრობლემა რაც იქ არსებობს დაპირისპირების, არ მინდა სახელი დავარქვა რა დაპირისპირებაა, ესაა მოსაგვარებელი. ეს არ გვარდება იმით, რომ ჩხუბის მონაწილე 100 ადამიანი დაიჭირო და წაიყვანო ციხეში. ამით შეიძლება ეს კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს. სულ სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამ კონფლიქტს, გავიგოთ მისი ანატომია, რა არის, რატომ ჩხუბობს ეს ხალხი და მერე ვიპოვოთ გამოსავალი.
ჩვენ ვნახეთ ჩხუბი – ხალხს ჯოხები უჭირავთ ხელში, გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს, ქვებს ისვრიან, უროები, ჩაქუჩები და ა.შ. ასეთი ტიპის ჩხუბში რომ მსხვერპლი არაა, ეს საუკეთესო შედეგია. მიჭირს შევაფასო შსს მუშაობა უარყოფითად მსხვერპლი რომ არ გვაქვს,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დმანისში მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ – ანდრია ჯაღმაიძე
ცნობისთვის, ჩხუბი დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. რამდენიმე მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს – დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.
დაპირისპირებული მხარეები გუშინ შერიგდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.










