ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში საჯარო სტრუქტურებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ მხრივ ყველაზე პრობლემური სიტუაცია რკინიგზასა და ელექტროსისტემაშია.
„სახელმწიფო სექტორში არიან ჩამჯდარი სქემისტები, რომლებიც რაღაც სქემებს ატრიალებენ. იგივე რკინიგზაში, იგივე ელექტროენერგიაში და ასე შემდეგ და მაქსიმალურად იბრძვიან იმისთვის, რათა არანაირი რეფორმა არ მოხდეს. იქ რომ რაღაც მოდერნიზაცია და რეფორმა მოხდეს ეს მათ არ აწყობთ, რადგან მაშინ თავის სქემებს დაკარგავენ.
მოგიყვანთ მაგალითს. საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია, რაც მოგვცემს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ბიძგს. ამ რკინიგზაში არის მიკერძოებული კონტრაქტები, ექსკლუზივები არის გაცემული რაღაც ტვირთების გადაზიდვებზე და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გვინდა, რომ რკინიგზა ვთქვათ წავიყვანოთ ეფექტიანობის ამაღლებისკენ, ნაწილობრივი პრივატიზებისკენ, მაშინ ეს სქემები დაიშლება.
იგივე ელექტროენერგეტიკის სფეროში არის შუამავალი კომპანიები იმპორტზე. ამ შუამავალ კომპანიებს რა თქმა უნდა არ აწყობთ, რომ მოდერნიზაცია მოხდეს ჩვენი საიმპორტო ინფრასტრუქტურის. არის მთელი რიგი შესაძლებლობები გაუმჯობესებების, რამაც შეიძლება საშუალება მოგვცეს, რომ ელექტროენერგიის იმპორტიც უფრო იაფად განვახორციელოთ და უკეთ დავასტაბილიზიროთ ჩვენი ელექტროსისტემა. მაგრამ იქ რომ არიან ჩამჯდარი რაღაც სტრუქტურებში, ისინი ჩვენ გვიშლიან ხელს. მე მოგიყვანეთ წიაღისეულის მაგალითიც, სადაც მგონი ერთი თუ ორი კომპანია აკონტროლებს მადნეულის სფეროს, ხოლო ახალი კომპანიების შემოყვანას და კონკურენციის გაზრდას კი წინააღმდეგობა ეწევა.
ეს სქემისტები გვიშლიან ხელს როგორც რეფორმების გატარებაში, აგრეთვე არასწორად ითვისებენ ხალხის ფულს. ამასთან, ეს სქემები და მათი შეუცვლელობა ახდენს დემოტივირებას. მაგალითად, როგორც ვიცი რკინიგზაში კვალიფიციური ხალხი ვინც იყვნენ, მგონი სულ ყველა გაიქცა. რა ეფექტურობა უნდა გაზარდო, როდესაც ყველამ ვიცით შიგნით რაც ხდება? – ამაზე არის საუბარი,”- განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.











