ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.
საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ანა დოლიძის კანდიდატურა მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით გათვალისწინებული 1286 ხელმოწერის ნაცვლად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში რეგისტრირებული მოქალაქეების 2002 ხელმოწერა ჩააბარა.
ხელმოწერების გადამოწმების შემდეგ დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს და ჩემი მხარდაჭერების გუნდს, რომლებმაც 5-დღიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, თითქმის ორჯერ მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ასეთი თანადგომა მაძლიერებს და გამარჯვების შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ თავს არ დავზოგავ ხალხის სამსახურისთვის,“ – აცხადებს ანა დოლიძე.











