ხვალ ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წელი გადის.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „პრაიმტაიმთან“ სწორედ ხვალ დაგეგმილ აქციაზე საუბრობს.
მისი თქმით, აქციის მთავარი მიზანია, რომ ყველას გვახსოვდეს 2019 წლის 20 ივნისი.
„გავრილოვის სისხლიანი ღამის 1 წლის თავი, ბუნებრივია უნდა იქნას აღნიშნული რუსთაველის გამზირზე. მიუხედავად იმისა, რომ მერია და არც შსს ოფიციალურ წერილზე არ გვპასუხობს, ჩვენ ხვალ 7 საათზე მაინც შევიკრიბებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ.
გვექნება დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები. ადამიანები აბსოლუტურად უსაფრთხოდ იქნებიან. მოვლენ თავისუფალი ადამიანები აქციაზე, ვინც შარშანდელ 20 ივნისს შეესწრნენ და რომელთაც აღარ უნდათ მსგავსი რამ გამეორდეს. გვექნება ძალიან მშვიდი აქცია და როგორც მშვიდად, წყანარად შევიკრიბებით ისევე წყნარად დავიშლებით, თუ შარშანდელივით „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაწყვიტა ჩვენზე ნადირობა. იქნებიან პოლიტიკოსებიც, ასევე იქნებიან დაზარალებულები, ცნობილი სახეები და იქნება რამდენიმე პერფორმანსი. დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება აქცია.
აქციის მთავარი მიზანია არ დაგვავიწყდეს 20 ივნისი და არ შევეგუოთ ოკუპაციას“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ გიგა მაქარაშვილმა.
რა მოხდა 20 ივნისს თბილისში
რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.
აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა.
რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა.
აქციის მონაწილეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გავრილოვმა ჯერ რედისონის შენობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.
ამით პროტესტი არ დასრულებულა. ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს.
მიტინგის დარბევის დროს 240 ადამიანი დაშავდა, 121-ს პატიმრობა შეეფარდა.
20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა.











