„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა, „პრაიმტაიმთან“ დუმილს არღვევს და ექსკლუზიურ ინტერვიუში სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობს.
კვიციანი დეპუტატის მანდატს ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებს. მეტიც, დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასა და მაჟორიტარობის კანდიდატობას არ გამორიცხავს.
ემზარ კვიციანი: თუ გავხდები ამერიკის ელჩი, შესაძლოა, ჩემი ინიციატივა არჩევნების სავალდებულო სახით ჩატარებასთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ გაიზიაროს.
გუშინ ჩვენი ხელისუფლება იძულებული გახადა, საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიეღო. მეც ვეთანხმებოდი ამას, მაგრამ თუ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი შევა პარლამენტში პროპორციული სიით და რამდენი მაჟორიტარულით?! მთავარია, რომ არჩევნები გაუყალბებლად ჩატარდეს.
გაყალბებულ არჩევნებზე წინასწარ რომ მოილაპარაკებენ და თითის დაქნევით ციხიდან ორ დამნაშავეს გამოაშვებინებენ, რა მნიშვნელობა აქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას?!
– ბატონო ემზარ, ამერიკის საელჩოსთან აქციების დაწყების საკითხი, დგას თუ არა კვლავ დღის წესრიგში?
– ეს საკითხი თქვენ, ჟურნალისტებს ნაკლებად გაინტერესებთ, რადგან როდესაც აქციები დავიწყე, იქ კაციშვილი არ მოვიდა. ჯერ ყველაფერს მოვამზადებ – რეპრესირებული მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შევხვდები. არ ვიცი, რამდენად გაიწელება ეს პროცესი დროში, მაგრამ ყველაფერს, დაახლოებით, ორ თვეში აუცილებლად მოვასწრებ.
– 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?
-ჯერჯერობით, არანაირი სურვილი გამაჩნია ასეთ ფარსში მონაწილეობა მივიღო. იმიტომ არის მოთხოვნილი უცხო ქვეყნებისგან და სპეცსამსახურებისგან პროპორციულზე გადავიდეთ, რომ პარტიებს უკარნახონ, ვინ ჩაწერონ სიებში.
– არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება სავალდებულო გახდა?
– თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. მაჟორიტარად თუ პროპორციული სიით ვიყრი კენჭს, სულ ერთია. მოვუწოდებ ქართველებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ.
ნახეთ ხომ, როგორ არიან ერთმანეთთან შეთამაშებულები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. „ევროპული საქართველო“ ვითომ არ აძლევდა ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, რურუა ჰყავდათ მიზეზი. გამოვიდნენ და ამბობდნენ, ბიძინა ივანიშვილს უნდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაო, ბიძინა არაფერ შუაშია.
ყველამ მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ, რომ ბიძინაზე არ ეფიქრათ, რომ მან ჩააგდოო კანონპროექტი. შინაგანად არც ერთს უნდოდა გარედან თითით დაქნეული მხარდაჭერა.
– მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებთ და პარლამენტიდან მიდიხართ. შეეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
– ეს ინფორმაცია ტყუილია, პარლამენტს არ ვტოვებ. ოქტომბრამდე დამრჩა პარლამენტში ყოფნის ვადა და რა აზრი აქვს დატოვებას?! – პირიქით, მთელი ძალებით ვიბრძოლებ, რომ რაც მაქვს კანონპროექტები რაღაცნაირად გავატანინო.
– ვიდრე „პატრიოთა ალიანსს“ დატოვებდით, მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთეთ – „აგენტები ყველა პარტიაში, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსშიც არიან“. პარტია თქვენი ნებით დატოვეთ, თუ დაგატოვებინეს?
– პარტია ჩემი ნებით დავტოვე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის ჭკუით რამეს გადამაწყვეტინებს. მე პარტიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მომავალ არჩევნებში, თუ რომელიმე პარტიაში არ გავწვრიანდი და 90%-ით არ გავწევრიანდები, რა თქმა უნდა, „პატრიოტთა ალიანსს“ დავუჭერ. მოვუწოდებ ხალხს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭიროს მხარი. შესაძლოა, უტვინო გზა იყოს, რომელზეც მთელი ცხოვრებაა დავდივარ, მაგრამ ეს არის მართალი გზა.
– გეგმევთ თუ არა პარტიის შექმნას?
– არ ვგეგმავ. პარტია რომ შექმნა, საჭიროა ტელევიზია, დიდი ფული, ამიტომაა უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა. თუ ფული არა გაქვს, რანაირი მხარდაჭერაც არ უნდა გქონდეს მოსახლეობისგან, ყოველთვის წაგებული იქნები.
– 2020 წლის შემდეგ, აპირებთ თუ არა პოლიტიკაში დარჩენას?
– ჯერჯერობით, კი. ჯერ არაფერი დამიგეგმავს. პარლამენტში ვარ ოქტომბრის 31-მდე. ყველაფერი არჩევნების მერე გამოჩნდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











