ნიდერლანდელი ევროდეპუტატი ტინი კოქსი, რომელიც არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თავდასხმის ობიექტი გახდა.
მიხეილ სააკაშვილმა ტინი კოქსს რუსული ფსბ-ს აგენტი უწოდა.
სააკაშვილის ამ განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა. ექსპრეზიდენტის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
ბრალდების ადრესატმა კი სააკაშვილის საპასუხოდ, წერილობითი კომენტარი გაავრცელა.
ტინი კოქსი განმარტავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მას წევრ ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად აგზავნის. ის ბიუროზე გასულ წლებშიც იყო ნომინირებული, 2010-2014 წლებში ის ბოსნიაში, 2011-2012 წლებში – რუსეთში, 2015 წელს კი თურქეთში იმყოფებოდა. პროცედურის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დელეგაციის წევრებსა და ხელმძღვანელს ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან ირჩევს და საქართველოს ამ პროცესში არანაირი როლის შესრულება არ შეუძლია.
მისიის ხელმძღვანელი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგის წინასწარი შედეგების შემდეგ უკვე საბოლოო დასკვნას ამზადებს და მას 2021 წლის იანვარში წარადგენს.











