“პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კოტე კემულარიამ პარტია „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა. კემულარია ამ ინფორმაციას სააგენტოს უდასტურებს და აცხადებს, რომ პარტიის დატოვების მოტივი მის ყოფილ თანაგუნდელებზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული შეტევა გახდა.
კოტე კემულარია: მეც აღარ ვარ „გამარჯვებულ საქართველოში“. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ განცხადება დავწერე.
-ბატონო კოტე, რატომ დატოვეთ პარტია?
-არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უბრალოდ, სხვანაირად იყო ჩაფიქრებული… ეს პარტია სხვადასხვა შეხედულებების ადამიანების გაერთიანება უნდა ყოფილიყო, მაშინ ასე ჩავიფიქრეთ. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების აგრესიული შეტევისა და ირაკლის დაპატიმრების შემდეგ, ეს მოცემულობა შეიცვალა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი.
-არის თუ არა პარტიის დატოვების ერთადერთი მიზეზი „ხელისუფლების მიერ განხორციელებული შეტევაა“?
-მე პარტიის წევრი ნამდვილად ვიყავი. რა თქმა უნდა, ირაკლი უნდა გათავისუფლებულიყო, რომ ჩვენ დაგვეგეგმა, შესაძლებელი იყო თუ არა აღდგენა იმ მოცემულობის, რაც ჩვენ გავაჟღერეთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაში იყო პარტიის მომხიბლელობა და პოპულარობა, რომ პარტია პარტია სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები შეიკრიბნენ და როდესაც, პრაქტიკულად, ასე აგრესიულად დაიშალა, ვეღარ მოხერხდა ამის აღდგენა.
-თქვენი წამოსვლის შემდეგ, დაიშალა თუ არა პარტია „გამარჯვებული საქართველო“?
-მე ამ პარტიას წარმატებებს ვისურვებ. ალბათ, ირაკლი ამ პარტიაში მოღვაწეობას გააგრძელებს.
-ერთკაციანი პარტია არსებობს?
-სამწუხაროდ, ამ პარტიამ ასეთი სახე მიიღო. სწორედ, ეს არის შეუთავსებლობის მიზეზიც.
-ხომ არ არის “გამარჯვებული საქართველოს” დატოვების მიზეზი პარტიის ლიდერთან, ირაკლი ოქრუაშვილთან ურთიერთობების გაფუჭება?
-ურთიერთობები არ გაგვფუჭებია. ალბათ, ჩვენ მომავალში ვითანამშრომლებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის იმ აგრესიის შედეგი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამ პარტიაზე განხორციელდა.
-„გამარჯვებული საქართველოს“ დატოვების შემდეგ, აპირებთ თუ არა პოლიტიკაში დარჩენას?
-პოლიტიკაში დარჩენას ვაპირებ, რა სახით, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. პოლიტიკაში დარჩენას ვაპირებ, რადგან განსაკუთრებული ურთიერთობები მაქვს ახალგაზრდებთან და მინდა, რომ მათ გვერდით ამოვუდგე და დავეხმარო, ეს იქნება ჩემი მიზანი.
– გეგმავთ თუ არა პარტიის შექმნას „გამარჯვებული საქართველოდან“ წამოსულ პოლიტიკოსებთან ერთად?
-პარტიის შექმნას არ ვგეგმავ. ჯერჯერობით, ამ საკითხზე საუბარი არ არის.
ინფორმაციისთვის, „გამარჯვებული საქართველოს” გუნდი ვალერი გელბახიანმა, გუბაზ სანიკიძემ და ლელა ჯეჯელავამაც დატოვა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











