„როგორც ჩანს, არც ერთს და არც მეორეს არ უნდა, რომ მოლაპარაკებები ნორმალურად დამთავრდეს, ქვეყანამ მიიღოს წესიერი საარჩევნო კანონმდებლობა, გამოვიდნენ პოლიტპატიმრები გარეთ. მე ეს შთაბეჭდილება მიმყარდება, სამწუხაროდ“,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართოს.
„ვხედავთ, ჯერ თვითონ ოპოზიციაში პოზიციები ძალიან აცდენილია. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 25 დეკემბერი მოდის, კარს მოგვადგა და ელჩები ალბათ სამშობლოში დაბრუნდებიან, ვინაიდან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საშობაო არდადეგები. შემდეგ ჩვენთან იწყება საცივისა და ყანწის სეზონი, ძველით ახალ წლამდე ნაკლებად ვფიქრობ, გულახდილად რომ ვთქვა. ნამდვილად მინდა ვცდებოდე, მანამდე განიტვირთოს ეს ყველაფერი, მაგრამ სუფთა კალენდარული გარემოებებიდან გამომდინარე, ალბათ გადავადდება მეხუთე რაუნდი.
რაც შეეხება, დაფინანსების წესს, ჩემთვის გამაოგნებელია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი და „ქართული ოცნება“ ზუსტად ერთნაირი გავეშებით ცდილობენ ამ მოლაპარაკებების ჩაშლას. აქეთ ოპოზიციის ნაწილია, რომელიც რაღაც მღელვარებებსა და რევოლუციებზე ოცნებობს და სინამდვილეში, როგორც ჩანს, სხვა არაფერი აინტერესებდათ და ეს მოლაპარაკებები მათთვის იყო უბრალოდ ბუტაფორია. მეორეს მხრივ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც მუშტებს აბრახუნებს და შანტაჟის ენით გველაპარაკება დანარჩენ ქვეყანას. ეს აფუჭებს ძალიან ვითარებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.










