პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება შედგება. მისივე თქმით, ზუსტად ვერ იტყვის, ოპოზიციის რომელ წარმომადგენლებზეა საუბარი.
„ოპოზიციის ერთ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მოხდება შეთანხმება, მე ასე ვუყურებ. ზუსტად ვერ ვიტყვი, ვინ იქნებიან ესენი, მაგრამ იქნებიან ისინი, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე და ვინც არის ადეკვატური. ეს პროცესი გამოაჩენს, ვინ არის ადეკვატური, ვინ ფიქრობს ხალხზე, ქვეყნის მომავალზე და ვის უბრალოდ რევანში და რევოლუცია, არეულობა და უბედურება უნდა. არის ზოგიერთი პარტია, რომელსაც საერთოდ არ უნდა ეს შეთანხმება, არ უნდოდა პირველი დღიდან და მათ ამ რადიკალიზმსაც აქვს კონკრეტული მიზეზი – არჩევნების შედეგად ხელმოცარულები არიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის თავდასხმის ობიექტი თავდაპირველად ახლა კი „ლელო“ გახდა.
„მათ რევოლუციის გარდა სხვა არანაირი გეგმა, სტრატეგია არ აქვთ. რევოლუციის მოლოდინიც ძალიან ეფემერულია, ან იქნება, ან არ იქნება ეს მღელვარება. ან შეძლებ, ან ვერ შეძლებ. ჩვენ წინააღმდეგებიც ვართ, რომ რევოლუცით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ვიღაცას ეს გულით უნდა, თუმცა არც ამის გეგმა და ხედვა არ არის. ეს არის უბრალოდ არასერიოზული სადღეგრძელო, რომელსაც ძალიან გამოცდილი პილიტიკოსები ამბობენ, ესაა აღმაშფოთებელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.











