სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საქართველომ შეიძინა, იმედია, ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს, თუ ეს ვერ მოხდება, მომავალ თაობებს აქვთ დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას აადვილებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას და თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მსხვერპლი იყო აგვისტოს ომის, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც დადგა ევროპულ სასამართლოში 21 იანვარს, როცა ჩვენ პირველად, დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც, იმედი მაქვს, რომ ჩვენს თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს და თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს.
ძალიან კარგია, რომ ამჟამად თქვენთან ერთად ბატონო არჩილ და კომიტეტის თავმჯდომარეები მსჯელობთ იმაზე, რომ თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ის ტიტანური შრომა, რომელიც ჩაიდო, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების, შს სამინისტრო, რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია, ასევე ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა, იმიტომ რომ საზოგადოებას, მე ვფიქრობ, ვინაიდან დავა უკვე დასრულებულია, აქვს უფლება, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. რა თქმა უნდა, ახლა იქ, სადაც მე ვმსახურობ, ეს არ იქნება ჩვენი კომიტეტის ასე ვთქვათ, წამყვანი ფუნქცია, მაგრამ როგორც ამ პროცესში ჩართული პირი, რა თქმა უნდა ვარ ამ დისკუსიაში და მინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რომ პარლამენტმა მოუსმინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას თუ რა კეთდებოდა.
რაც შეეხება ჰააგის გამოძიების ბედს, აქ რა თქმა უნდა პარლამენტი ჩართულია, რადგან არაერთი დოკუმენტაცია იქმნებოდა საკანონმდებლო ორგანოში თავის დროზე და ესეც საინტერესო იქნებოდა, თუმცა ეს მიმდინარე დავაა და რამდენად შეძლებს აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს ამაზე ღიად საუბარს არ ვიცით. თუმცა, ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი, სათქმელი და მინდოდა კიდევ ერთხელ მომელოცა ეს პროცესი ასე ვთქვათ, გვეთქვა რომ გახსნილია და კომიტეტები ამ პროცესს მისცემენ კონკრეტულ ფორმას მომდევნო ათი დღის განმავლობაში“, – განაცხადა წულუკიანმა.










