განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები მზად არიან მოსწავლეების მისაღებად და სკოლებში უსაფრთხოების ზომები დაცულია.
ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ განაცხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავამშვიდო მშობლები – ის ორგანიზებული პროცესები, რომლებიც მათ შვილებს სკოლაში დახვდებათ, ერთი მხრივ, არის სწორი სასწავლო პროცესი და მეორე მხრივ – სკოლებში მომუშავე ადამიანების უფლებების დაცვა.
კიდევ ერთხელ ვთხოვ მშობლებს, თუ ჩვენ წესებს დავიცავთ, კიდევ უფრო მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს. ასევე, აღსანიშნავია მონიტორინგიც. გვითხარით, თუ რაიმე გამოწვევა იქნება, რათა სწორი და სწრაფი რეაგირება შეძლოს სისტემამ, სკოლამ. ახლა თითოეულ ჩვენგანზეა პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების ტესტირება დაიწყო და ხვალ, როცა სასწავლო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება, პრევენციაც გაგრძელდება.
ძალიან მინიმალურია მასწავლებლებში ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაგრამ კარგია ის, რომ ხვალ ის ადამიანები სკოლაში არ მივლენ. ტესტირებები გაგრძელდება, ყოველ ორ კვირაში ერთხელ დაიტესტებიან ეს ადამიანები“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.











