იმ პირებისთვის, ვისაც გამოცდების პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, დამატებითი სესიები დაინიშნება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.
როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, არც ერთი ბავშვი არ დარჩება გამოცდის ჩაბარების გარეშე.
„საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში არც ერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესის მიღმა. დაგეგმილია დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარება. ყველა საგანში ჩატარდება დამატებით გამოცდა იმ პირებისთვის, რომელთაც დაუდასტურდებათ კორონავირუსი გამოცდების ჩატარების პროცესში.
პერიოდი განისაზღვრება 14 დღით. არა უადრეს 14 დღისა, ეს პირები დაშვებულნი იქნებიან გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით საგამოცდო ცენტრებში და მათთვის საგანგებოდ იქნება შედგენილი ცხრილი“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.











