საარჩევნო სისტემის კანონპროექტის დამტკიცებისას მეორე და მესამე მოსმენაზე „ევროპული საქართველო” მხარს აღარ დაუჭერს, თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
ამის შესახებ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ ისაუბრა.
„120-30 საარჩევნოს სისტემაზე კონსტიტუციის ცვლილება გავიდა პირველი მოსმენით, კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა კიდევ ორი მოსმენით კენჭისყრა.
„ევროპულმა საქართველომ” სრულად დავუჭირეთ მხარი კანონპროექტს, რითაც ხელისუფლებას მივეცით დამატებითი დრო – შემდეგ მოსმენებამდე ბოლომდე შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან გიორგი რურუა.
ჩვენ კვლავ ვიცავთ 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს – 1) პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და 2) საარჩევნო სისტემის ცვლილებას.
შესაბამისად, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, ევროპული საქართველო მომდევნო მოსმენებზე მხარს არ დავუჭერთ კანონპროექტს.
ახლა ჯერი ივანიშვილზეა, მორიგ ჯერზე გადააგდებს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს, თუ მოეგება გონს და შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ჩვენ, „ევროპული საქართველო” ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ.
თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას!” – აცხადებს ოთო კახიძე.











