„ეპიდსიტუაცია საგანგაშოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონსა და მთელს მსოფლიოში.ახლა ვართ სიტუაციაში, სადაც გასული წლის სცენარი მეორდება“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.
კითხვაზე, უნდა დააწესოს თუ არა მთავრობამ ახალი შეზღუდვები, ჯანმო-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია.
„რა თქმა უნდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ ბევრმა მთავრობამ შეამსუბუქა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომები, ამასთან ბევრ ქვეყანაში ძალიან დაბალია ვაქცინების მოხმარება. ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ უმეტეს ქვეყანაში და მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ 10 %-ზე დაბალია.
მოვუწოდებთ, რომ სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 10 % იყოს ვაქცინირებული, დეკემბრისთვის კი – მინიმუმ 40 %, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კი მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 70% პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული.
ახლა ჩვენ გვაქვს „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ცირკულირებს და იკავებს „ალფა“, „ბეტა“ და სხვა ვარიანტების ადგილს, „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც ვრცელდება,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.42%-ია.











