„ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს განვითარების გზაზე“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უგულავა ამბობს, ქვეყანას სჭირდება ხალხის მსახური, რომელიც მოვა, იმსახურებს და წავა.
„ალბათ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მივეცი ხმა.
ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს განვითარების გზაზე. ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ევროპული მთავრობა. მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება ხალხის მსახური, რომელიც მოვა, იმსახურებს და წავა. ასეთი ნამდვილად არის „ევროპული საქართველო“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











