მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია.
„ჩვენი პარტნიორების დასკვნაც სწორედ ამ შინაარსისაა. არის მეორე თემა, რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების, ამომრჩევლის და საერთოდ სახელმწიფოს ინტერესების წინაშე. ჩემი პოლიტიკური ანტიპათიის თუ განსხვავების მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არა მარტო სააკაშვილს, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში. თუკი ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, რასაკვირველია, ისიც უნდა იცოდეს, რომ არსებობს თემები, რაზეც საუბარი არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის.
რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გამჭვირვალე მოლაპარაკებებიც, შეხვედრებიც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საჯაროდ ვამბობ, რომ მზად ვართ მასთან შეხვედრისთვის. დისკუსია გაგრძელდება ალბათ, ერთი ორი შეხვედრით არ ვიცი წინასწარმეტყველებაში ვერ გადავვარდები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისასალემებელია ის პასუხისმგებლობა, რასაც კონკრეტული სუბიექტი იჩენს ქვეყნის წინაშე და მისი სტაბილურობის აუცილებლობის გათვალისწინებით. ვინც არ უნდა იყოს არა მხოლოდ ელისაშვილი, არამედ ნებისმიერ სხვასთან ამ თემებზე ვართ მოლაპარაკებებისთვის,”- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განცხადა, რომ მზად არის, „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო შეხვედრა გამართოს.











