იურისტმა ალექსანდრე კობაიძემ, შესაძლოა, პარტია დააფუძნოს. ამის შესახებ კობაიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც იურისტმა აღნიშნა, ის რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებისთვის პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად იბრძოლებს.
„პოლიტიკაში ნამდვილად მივდივარ. გადაწყვეტილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას პარტიის მეშვეობით მივიღებ. ქვეყანაში ისეთი ბიუროკრატიული სისტემაა, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვერ მიიღებ. აქედან გამომდინარე, ქალაქ რუსთავში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაჟორიტარად პარტია წარმადგენს.
რაც შეეხება პარტიის დაფუძნებას, ამას ფიზიკურად ვეღარ მოვასწრებ, მაგრამ შეიძლება, მსგავსი კონფიგურაციაც ვიხილოთ და პარტია დავაფუძნო”,- განაცხადა კობაიძემ.
კითხვაზე, ვინ იქნებიან ადვოკატის პოლიტიკური თანამოაზრეები, კობაიძე გვპასუხობს:
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება პოლიტიკურ თანამოაზრეებს, ამ ეტაპზე არ მინდა, რომ ნაადრევად ვილაპარაკო. სჯობს ინფორმაცია მაშინ მოგაწოდოთ, როცა გადაწყვეტილება მიღებული იქნება“,- განაცხადა კობაიძემ.
ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120 – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











