„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის სახლთან ლაყე კვერცხები მიიტანეს და პოლიციელების კორდონის წინ განათავსეს.
როგორც „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, ლაყე კვერცხივით ყარს დღევანდელი პოლიცია და სიმბოლურად მიუტანეს მათ.
მისივე განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებული არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავებით.
„ეს არის აქცია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც გადაცმულები არიან პოლიციელების ფორმაში და არიან ზონდერები, რომლებიც აკავებენ სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს და ილაშქრებენ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
როცა სიტყვა „მონას“ გამო გვაკავებენ, ამავდროულად დედებს გვაგინებენ „ქართული ოცნების“ ზონდერჯგუფები ჩვეულებრივ „ატარებენ“.
ესენი არ არიან პოლიციელები და დღეიდან პატივს არ ვცემთ პოლიციელებს. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა ღირსეულ პოლიციელებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ დაგეგმილ ფარსში და ძალადობაში“, – აცხადებს ხათუნა ბერიძე.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად ექვსი ადამიანი დააკავეს, ხოლო ერთი სამართალდამცავი დაშავდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











