ამ წუთებში აჭარის მთავარ სამმართველოსთან „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრები და მათი მხარდამჭერები, ასევე „ალტერნატივას“ აქტივისტები აქციას მართავენ და ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა და ეს არის შერჩევითი სამართალი.
„კარგად იცით, რომ დაახლოებით, 100 დღეა უწყვეტი აქცია მიმდინარეობს „თავისუფლების კვარტალში“ და მათ შორის ირაკლი ფანგანიც იყო ამ აქციის წევრი. ეს ადამიანი 100 დღის განმავლობაში დგას ქუჩაში ყინვაში და აპროტესტებს არჩევანის წართმევას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს განცხადება ჰქონდა დაწერილი, რომ არ შევიდოდა მოპარული არჩევნებით მიღებული მანდატით უმაღლეს საბჭოში, მაგრამ მან უღალატა ყველა პრინციპს, წაიღო თავისი სიტყვა უკან და ცდილობს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ „გაუპრავოს“ არჩევანის წართმევა. ირაკლი ჩავლეიშვილი, მათ შორის ირაკლი ფანგანთან ერთად, კარდაკარ დადიოდა და აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას. ჩავლეიშვილმა ამ ადამიანსაც უღალატა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მის გვერდით იბრძოდა. ამ მისმა უპრინციპო ქმედებამ ადამიანებში გამოიწვია პროტესტი და გუშინ ახალგაზრდებმა გამოხატეს პროტესტი, რომელიც იყო ძალიან რადიკალური, რომელიც ვიღაცისთვის მოსაწონია და ვიღაცისთვის არა.
მე პოზიცია დავაფიქსირე, ჩემთვის პირადად ეს ფორმა მოსაწონი არ იყო, მაგრამ ამის გამო ადამიანების დაკავება დაუშვებელია იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში გვაქვს მსგავსი შემთხვევის უამრავი მაგალითი. გიგა მაქარაშვილს გორში ზუსტად ანალოგიურად საჯარო მოხელემ ნაგვის ურნა თავზე ჩამოაფარა. მაგრამ ეს ადამიანი ერთი წამითაც არ დაუკავებიათ. ანალოგიური ფაქტი გვქონდა, როდესაც პეტრე ზამბახიძეს, უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატს თავზე კვერცხები დაატეხეს, მაგრამ ამ ფაქტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
მაგრამ დღეს დააკავეს ირაკლი ფანგანი და ადგილი გვაქვს შერჩევით სამართალთან. როდესაც ქვეყანაში ინსტიტუციები არ ფუნქციონირებს, როდესაც შერჩევითი სამართალია და ამის ნათელი მაგალითია დღეს, ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ დანაშაულს ჰქონდა ადგილი თუ არ ჰქონდა, არის აბსურდი“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მiრდატ ქამადაძემ.
აქციაზე პოლიციასა და აქციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, უმაღლესი საბჭოს უპარტიო დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს გუშინ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ურნიდან ნაგავი თავზე დააყარეს.
ფაქტზე გამოძიება ორი, 239-ე და 156-ე მუხლებით დაიწყო, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











