საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის – ალექსეი ნავალნის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და დისკრიმინაციული სახის განცხადებების გამო, თავისი გადაწყვეტილება აღნიშნული პოლიტიკოსის „სინდისის პატიმრად“ აღიარების შესახებ გააუქმა. ინფორმაციას BBC News იუწყება.
წყაროს თქმით, ორგანიზაციამ ასევე, ხაზი გაუსვა ნავალნის მიერ, 15 წლის წინ გამოთქმულ ისეთ კომენტარებსაც, როგორებშიც პოლიტიკოსმა ემიგრანტები ტარაკნებს შეადარა. BBC News-ის მიხედვით, „სინდისის პატიმრის“ სტატუსის მატარებელს, მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, მათი მოწოდება ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც 17 იანვარს პოლიტიკოსის დაკავების შემდეგ Amnesty International-მა მოითხოვა, კვლავ ძალაში რჩება.











