ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში – სააკაშვილთან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში – სააკაშვილთან. ზურაბ ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოოდ მასთან თანხმდებოდა. სხვა შემთხვევაში ეს საკითხები ამ ფორმით არ გადაწყდებოდა. ოპოზიციას მართლა ამ ორი ადამიანის ბედი კი არ ადარდებს – როგორც ჩანს, ასეთი აქტიურობითა და გამალებით რაღაცის მტკიცებით კიდევ უფრო უღრმავებენ საფუძვლიან ეჭვებს, რომ რაღაც დააშავეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვის ოქმი, რომელიც დავით გარეჯის საქმის მასალებშია ჩართული, „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.









