მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას წინააღმდეგ პროკურატურაში, ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით, განცხადება შეიტანა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერიიდან დოკუმენტაცია გუშინ, საღამოს გამოითხოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მერიაში დაუდასტურეს, სადაც ამბობენ, რომ მასალები თავად მიაწოდეს აღნიშნულ უწყებას.
საქმე კი ეხება ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისებას, რომელიც კომპანია მ² – მა 7 270 118 ლარად შეიძინა. თავდაპირველი შეთავაზება, რომელიც კომპანიას ჰქონდა შეიცვალა და ამჟამად აქ 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო უნდა აშენდეს. ამისთვის კომპანია 8 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.
ცნობისთვის, ენმ-ის წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ პროკურატურაში მერის წინააღმდეგ განცხადება მიმდინარე წლის 2 ივნისს შეიტანა. ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, მუნიციპალიტეტსა და კომპანია მ2 – ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს.
მერიაში კი განმარტავენ, რომ შემოთავაზება, რომელიც აღნიშნულ კომპანიას თავდაპირველად ჰქონდა, სამოქალაქო სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ შეიცვალა და ამით მუნიციპალიტეტმა გაცილებით უკეთესი ეფექტი მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში აცხადბენ, რომ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.
„დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ, თუმცა გამოძიება არ დაგვიწყია. დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ იმიტომ, რომ პროკურატურამ გადმოგივიგზავნა წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, ხდება უბრალოდ დოკუმენტების შესწავლა. ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას. როცა დოკუმენტაციას შეისწავლის ანტიკორუფციული სააგენტო, შემდეგ უკვე განსაზღვრავენ გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობას, ჯერჯერობით გამოძიებაზე საუბარი არ არის“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
ავტორი: თეა შონია











