„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.
„ჩემო მეგობრებო, მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ, რადგან ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო, არ ველოდებოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას.
თქვენ ნახეთ, ნიკა როგორი შემტევი, თავდაუზოგავი და ენერგიულია, ეს რომ დაინახეთ, შეიყვარეთ, ეფერებით, თქვენ რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა.
მე ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო და მთავრობას მივმართო, ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.











