ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში, სადაც 1 ოქტომბერს მეწყერული პროცესები განვითარდა, დღეს გეოლოგები იმყოფებოდნენ და დამეწყრილი ტერიტორია დაათვალიერეს.
საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრ ტარიელ ტუსკიას განცხადებით, მეწყერი სოფელ ქვედა ჯოჭოში უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. თუმცა ამ ტერიტორიის შესწავლის შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ და შესაბამისად, შესწავლილი არ იყო.
„სოფელ ჯოჭოში რამდენიმე ადგილი მეწყერსაშიში ზონაა და მასზე რეკომენდაციებიც არის გაცემული. დამეწყრილი ტერიტორია დავათვალიერეთ, აქ წყლის დინებისგან ფაქტობრივად, ღრმულებია გაჩენილი. ეს ტერიტორია შესწავლილი არ გვქონდა და შესწავლის თაობაზე განცხადება არ მინახავს. ზოგადად, აჭარა არის ეროზიულად აქტიური ზონა და საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით, ყველაზე რთული რელიეფი აქვს.
ეს რელიეფი იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო ეროზიული პროცესების აქტიურობა და მით უმეტეს, სტიქიური მოვლენები.
ანალოგიური შემთხვევა ჩვენ 2008 წელს გვქონდა, როცა ორთაბათუმში მეწყერმა შვიდი ადამიანი ჩაიყოლა. წელიწადში 1200-1400 განცხადება შემოდის გეოლოგიის დეპარტამენტში, ხდება ამ ყველა ფაქტის შესწავლა, მაგრამ პროგნოზირება მაინც დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული” – განაცხადა ტარიელ ტუსკიამ.
ინფორმაციისთვის, მეწყერმა ქვედა ჯოჭოში საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი წაიღო. გუშინ მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დღეს კი ცოტა ხნის წინ მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარიც იპოვეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











