„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას პასუხობს აქციებთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის რეგულაციებს პოლიტიკური პარტიებიც უნდა დაემორჩილონ.
„ამირან გამყრელიძესა და ეკატერინე ტიკარაძეს ჯერ პასუხი უნდა გაეცათ, კოვიდრეგულაციებთან რამდენად შესაბამისი იყო წყლის ჭავლის გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელზეც რატომღაც, ბატონმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს თურმე პოლიტიკური საკითხი ყოფილა – ზამთარში ადამიანების წყლის ჭავლით გაყინვა.
ასეთ თემებზე ვერ საუბრობენ ექიმები, რადგან არ უნდათ რომ „ქართულ ოცნებას“ აწყენინონ. მიმაჩნია, რომ ის რეგულაციები, რომლებიც ახლაა დაწესებული, ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარეა და არა კოვიდთან საბრძოლველად.
ყველა ის რეგულაცია, რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, მათ შორის შეკრების, რა თქმა უნდა, შეიძლება გავაპროტესტოთ. რადგან, როდესაც რეგულაციებს აწესებ, შეუსაბამო არ უნდა იყოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძე ოპოზიციის აქციებს უპასუხისმგებლობად მიიჩნევს და ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესიც პანდემიის მართვას უნდა ემორჩილებოდეს.











